ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი,  ლარის კურსი არის სტაბილური და მთავრობას აქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომლებიც წელს განხორციელდება.

„მინდა კიდევ ერთხელ შევაფასო არსებული სიტუაცია, მიმდინარე ვითარება. იცით, რომ გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული მონაცემები, კერძოდ, 10,1 % არის 2022 წლის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ორი წელია ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ყოფილა. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების გააზრებული, გონივრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია. გასულ წელს იყო პერიოდი, როდესაც  ინფლაციამ მიაღწია 12 და 13%-ს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის გლობალური გამოწვევა, პრობლემა, რომელიც დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ გაგრძელდა უკრაინის ომის შემდეგ. ამას ევროპაში ომით გამოწვეული ინფლაციაც დაარქვეს. ჩვენ არ ვიქნებოდით გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას. კერძოდ, 9,4%-ია უკვე მიმდინარე ინფლაცია, რაც, შეიძლება ითქვას, რომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად, კიდევ უფრო შევამციროთ ინფლაცია. მოგეხსენებათ, ფასები არის ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დღეს მსოფლიოსა და ჩვენ ხალხს აწუხებს.

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული. ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი. ლარის კურსი არის სტაბილური და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი, რომლებიც წელს განხორციელდება. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. წელსვე იგეგმება ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონ-ჰესის არსებული პროექტის მიხედვით, სოფლის, საფლავებისა და ეკლესიის დატბორვა იყო გათვალისწინებული, მთავრობა კი, ახალ პროექტზე მუშაობს იმისთვის, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომლებიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ, - მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავებისა და ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში, იმიტომ, რომ ეს არის საერთო-ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა - ჩვენ წელს უკვე უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას მსხვილი ქალაქებისა. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად  პოპულარული ადგილები როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ. აღნიშნულზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნეს შენარჩუნებული.

„ასე რომ, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნეს შენარჩუნებული. ეს ტემპები უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მეტად უნდა დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი. და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.