დასკვნითი სიტყვა ინტერპელაციის ფორმატში
დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო.
პირველ რიგში, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე, არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია, და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე, ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, თქვენს ცილისწამებას და თქვენს ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს, და სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს. თქვენ მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, გააცნობიეროთ კიდევ ერთხელ, თუ ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ - ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული. რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ერთადერთი ხსნა გაქვთ, ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა.
ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ, მინდა ჩემი განმარტება გავაკეთო სტატუსის მნიშვნელობის თაობაზე და ასევე ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამას გარდა, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, რომ წარმოაჩინოს საზოგადოებისთვის სიტუაცია იმგვარად, თითქოს სხვა საკითხი, სხვა დღის წესრიგი ჩვენ არ გაგვაჩნია. სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ეს ადამიანები არ საუბრობენ და რომელთა ბრალია, პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია. მათ ვერ დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, რამაც განაპირობა დროებითი ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიების ეგრეთ წოდებული აღიარება რუსეთის მხრიდან. ასევე, მინდა რამდენიმე გამომსვლელს გამოვეხმაურო და ძალიან მოკლედ ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, იქნება ეს აშშ თუ ევროპის სახელმწიფოები. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა და პროექტი განხორციელებული ერთად და, რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა გრძელდება. რა თქმა უნდა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროსა და მომავალში.
რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემდეგი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენ შორის, ჩვენსა და რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის, - რაც მათთვის არის უცხო, ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები. ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმას გავაკეთებთ.
ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე როგორც მიუღებელია, და მე არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ როცა, მაგალითად, ყოფილი თუ მოქმედი წევრები სხვადასხვა სახელმწიფოების თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს, ეს, რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პირიქით, ესენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს. ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას. მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და მზად იყვნენ და არიან მოაწერონ ხელი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მე ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ.
ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა გამოსვლებში ახსენეს, რომ ჩვენ შევძელით მართლაც უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში, რაც არის საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც მოიტანა ქართლი ოცნების მმართველობამ. სად ვიყავით, აღარ გავიმეორებ, ყველას კარგად გახსოვთ, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს.
გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ ის მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს, და მთავარი განზრახვა სწორედ ამაში იყო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განვმარტო, თუ რას ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მუდმივად აპელირებენ და სპეკულირებენ იმით, რომ თითქოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის გამოწვეული ომით და ჩვენ ვსარგებლობთ, და მხოლოდ ეს ფაქტორი არის განმაპირობებელი დღევანდელი კარგი ეკონომიკური მდგომარეობის. ეს ასე არ არის, მეგობრებო. მინდა პირველ რიგში შეგახსენოთ ყველას, რომ შარშან თებერვალში, როცა მე გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რისკიანიც, ხშირ შემთხვევაში, მაგრამ კარგად გააზრებული. ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ჩვენმა გათვლებმა გაამართლა. და შარშან წელი დავხურეთ 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა პენსიები, ხელფასები, ჩაგვედო მეტი თანხები ინფრასტრუქტურაში და ა.შ. წელსაც, მიუხედავად ამ ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ამ ადამიანებს უბრალოდ, არ ესმით ან კარგად ესმით და ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია, ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ. მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშეც კი. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია, და ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხეები და რამხელა რისკები ახლავს ამ ყველაფერს. უკრაინის ტერიტორიის 20% დღეს პოლიგონად არის გადაქცეული. კარგად ვხედავთ, რაც ხდება. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის. ასეთ ვითარებაში უპასუხისმგებლო მოქმედება არის ღალატის ტოლფასი ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. შეხედეთ ევროპის სახელმწიფოებს, ნატოს წევრ სახელმწიფოებს, როგორ მოქმედებენ, - ჯერ იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და შემდეგ სხვა ქვეყნებს უზიარებენ საკუთარ რესურსებს თუ სხვა დახმარებას. კიდევ ერთხელ მინდა ვცადო და მოგიწოდოთ, ოპოზიციას მივმართავ, ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა, გვეყო, რაც დამანგრეველი, კატასტროფული შეცდომები დავუშვით მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა.
დღეს არის ურთულესი დრო, მაგრამ ამავე დროს, არის შესაძლებლობა, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროში, ამ ეპოქიდან გამოვიდეთ გამარჯვებული. ჩვენი მთავარი ოცნება და საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. მინდა მივმართო ოპოზიციას, ქვეყნის გაერთიანების გარეშე, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი. 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა, მეორე მხრივ, თუ არ მივიღებთ სტატუსს.
სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზადყოფნა. ასე რომ, ისევ და ისევ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს ვფიქრობ სასარგებლო იყო აქ გამართული საუბარი, დებატები სამწუხაროდ კონსტრუქციულ რეჟიმში ვერ შედგა. მე მინდა მადლობა გადავუხადო კონსტრუქციულ გამომსვლელებს ოპოზიციიდან, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავუმტკიცოთ რომ შეგვიძლია პოლარიზების დასრულებაც, შემცირებაც, ეს მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება გაცხადებულია ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს გადმოდგმული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.
დაბოლოს, ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილური ვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%- იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.