დასკვნითი სიტყვა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენაზე

დიდი მადლობა კოლეგებო, მეგობრებო. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ ესწრებიან მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა. აქაც გამოჩნდა, როგორი ხელწერა აქვს ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას, და მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. 

მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო და  ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ სად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. აი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. მეორე, მე მინდა ძალიან მოკლედ შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბოლო ორი წელია გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2 წლის წინ, შარშანაც. ბიუჯეტის დეფიციტი 9,3% იყო, რომელიც დღეს არის 2,8%. შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, წელს იქნება 80 მილიარდი ლარი. ეს არის 30- მილიარდიანი ზრდა სულ რაღაც 2-3 წელიწადში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, პერ კაპიტა გამოდის 8 000 დოლარამდე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნახტომია და ძალიან დიდი პროგრესია. სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ლარი არის გამყარებული და სტაბილური. ზოგადად, ამ ორ წელში 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამით ყველაფერია ნათქვამი. ნათქვამია, რომ სტაბილურობას მოაქვს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენს სწორ, გონივრულ პოლიტიკას მოაქვს აი ეს შედეგები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ, კეთილდღეობა მოაქვს. მოაქვს ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საშუალება გვაქვს დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა, როგორიც არის 800 სკოლის რეაბილიტაციის პროგრამა, 1 000 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა დავიწყეთ ახლა. ჯარის ქალაქი, პოლიციის ქალაქი, გადაიარაღება ბაზების, პოლიციის შენობების. ასევე, ჩვენ ახლა ვიწყებთ 12 ქალაქისა და კურორტის სრულ რეაბილიტაციას. 63 მუნიციპალიტეტში დავასრულეთ სრული ურბანული განახლების პროექტები, ყველა ქალაქში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის პროექტები. 2025 წელს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. წელს ვიწყებთ მასშტაბური პროექტის მშენებლობას, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პორტის მშენებლობა. ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა დავიწყოთ ამის მშენებლობა, მთავრობა დაიწყებს ამას. ასევე, გვაქვს ამბიცია, რომ დავიწყოთ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც, ჩვენი გათვლებით, 400-დან 500 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში შევქმნათ თანამედროვე IT ქალაქი, ტექნოლოგიური პარკი, და სხვა მიმართულებებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, წარმოების წახალისება, ზოგადად, სამაცივრე მეურნეობების განვითარება, ბაღების გაშენება თუ სხვა, ყველაფერთან მიმართებით გვაქვს კონკრეტული ხედვები და ამოცანები. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენ შარშან დავამტკიცეთ მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და კონკრეტული თანამდევი სამოქმედო გეგმები. ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყანა 2030-მდე.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ შარშან ავკრძალეთ ონლაინთამაშების რეკლამა. 25 წლამდე ავუკრძალეთ ჩვენს თანამოქალაქეებს თამაში,  გადასახადები გავუზარდეთ ონლაინკაზინოებს. წამლების ფასები, რაც იყო გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის, - 60 %-დან 80 %-მდე შემცირდა წამლების ფასები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ამით 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა და დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ. აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთი წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ორას-სამასპროცენტიანი ფასნამატები გააკეთა, რაც, რა თქმა უნდა, არ დარჩება რეაგირების გარეშე. დაუყოვნებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება.

ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება და შედეგი სახეზე არის, რომ საწვავის ფასები არის შემცირებული. ორ ლარს ჩამოსცდა უკვე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი. ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც. 

ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა სურსათის პროდუქტების ფასების შემცირებაზე, უკვე გაიაფდა მას შემდეგ, რაც დავაანონსე მთავრობაზე ჩვენი გეგმა, რომ ძალიან მალე პარლამენტს წარმოგიდგენთ ახალ კანონპროექტს, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, იმპორტიორსა და გამყიდველს შორის, საცალო ქსელებს შორის ურთიერთობას. დღეს უკვე 20-30%-ით არის შემცირებული ფასები სურსათზე, ძირითად პროდუქტებზე და ასევე, ჩვენი ვარაუდით, კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო თვეებში, მას შემდეგ, რაც ამ კანონს მივიღებთ და ახალ რეგულაციებს შემოვიტანთ. მთლიანობაში გვაქვს კონკრეტული ხედვები, დევნილების სახლების მშენებლობა იქნება ეს, თუ გაუმჯობესებული სერვისები იქნება, ყველა მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ პროგრესს.

ახლა რაც შეეხება, რატომ მოვიყვანე, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი, რატომ შევახსენე ჩვენს საზოგადოებას ამის თაობაზე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო უსაფრთხოება, რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში მშვიდობა, რომ არ ყოფილიყო სტაბილურობა და რომ განხორციელებულიყო ასეთი ბინძური შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებმა, დიახაც, მეხუთე კოლონამ შეიმუშავა. უკრაინიზაციის გეგმა ვახსენე და ამის თაობაზეც ფართოდ ვისაუბრეთ მეც და პარტიის თავმჯდომარემაც. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ავაცილეთ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ, რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის მოხსნილი. ამიტომ, მე მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა,  -  ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ, მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. თქვენ ნახეთ, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში, უფრო ნაკლებ პერიოდში, ოთხი მცდელობა იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩართვის. ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მე მოვიყვანე და რომლებიც მე შევახსენე ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას. მათგან რაც მოვისმინეთ, მოვისმინეთ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ეს არის მათი ხელწერა, ცრუ დემაგოგია, სიცრუე და ყოველგვარი უსაფუძვლო ბრალდებები და თავდასხმები, პიროვნული შეურაცხყოფები. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მათ გამოვეხმაურო, მით უმეტეს, დარბაზში არ ბრძანდებიან და ასეთი პატივი მივაგო მათ, რომ პასუხები ჩავაბარო. 

ერთს გეტყვით, ძალიან ბევრჯერ გაისმა ის ბრალდება, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. და მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამიც, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. მეც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, შეგნებულად არ მინდოდა და არც მინდა 4-5 ახალგაზრდის იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს იყო ჩემი სურვილი და მე ამის თაობაზე ვისაუბრე, მართლაც არანორმალურ, ასე ვთქვათ, შემთხვევებთან გვქონდა საქმე, და მე ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან. ზოგადად, მე მინდა გესაუბროთ იმ საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივობას, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „ფრანკლინის კლუბი“. ჯერ ფრანკლინის კლუბი ავიღოთ, საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ.

მეორე, მთავარი, რაც „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივად სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა, მიდის ახალგაზრდების რომ იტყვიან ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების, უკვე 2 000-ზე მეტი სტუდენტი არის მონაწილე ამ კლუბის, 1000-ზე მეტი ე.წ. „ფრანკლინის კლუბის“, ამ ანარქისტული კლუბის და არა ფრანკლინის, ეს არ არის ფრანკლინის კლუბი, ესენი არიან ანარქისტული მოძრაობის წევრები, 1000-ზე მეტი ანარქისტი, ასე დავარქვათ პირდაპირ, მონაწილე, ესწრებოდა ამ ცნობილ მოვლენებს, 7-8 მარტის აქციებს. მათ ჰქონდათ კონკრეტული ინსტრუქციები მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ პროვოკაციებში, კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცრაზმთან, მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და ამის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გაიკვირვეს ჩვენმა ექსტრემისტებმა, რომ თითქოს ესაა ინტელექტუალური კლუბი, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიან დემოკრატიულ ღირებულებებს. არა, მეგობრებო, აქ მიდის ჩვეულებრივი დამუშავება სპეცსამსახურების. აქვე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ და ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ, ამ ანარქისტული ახალი მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მინდა გავაფრთხილო ამ ტრიბუნიდან ნებისმიერი ქვეყნის, ვინც არ უნდა იყოს, წარმომადგენელი, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას და ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდა, ჯანსაღ თაობას გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენი სამსახურები ძალიან ყურადღებით მუშაობენ მე-5 კოლონის წევრების გამოვლენაზე.

ახლა რაც შეეხება სხვა საკითხებს. ძალიან მოკლედ, ასევე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, - გაუკვირდათ ჩვენს ექსტრემისტებს საუბარი და განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მათგან მომდინარეობს და რომლებიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ მოისმინა ბოლო დღეების განმავლობაში, ლიბერალური კი არა, ფაშისტური გამონათქვამები, პირდაპირ ბულინგი მიდიოდა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის წევრების, ოჯახის წევრების, შვილების წინააღმდეგ. ეს არის არათუ ლიბერალიზმი და დემოკრატია, ეს არის ჩვეულებრივი ნეოფაშიზმი. ის მეთოდები, რომლებითაც ეს ადამიანები აწამებდნენ ადამიანებს, აუპატიურებდნენ, ტანჯავდნენ, კლავდნენ, თქვენ, ვისაც წაკითხული გაქვთ ლიტერატურა და მასალები, ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური და ფაშისტური მეთოდები. იგივე, აბსოლუტურად იდენტური მეთოდებით აწამებდნენ ჩვენს ხალხს. 300 000 ადამიანი გაასამართლეს ამ ადამიანებმა, ამ ძალის რეჟიმმა. ბატონი მეგრელიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ იქნებ ავუხსნათ კიდევ ერთხელ ხალხს გასაგებად, თუ რატომ ვგულისხმობთ, რომ მათი ეს დესტაბილიზაცია გამოიწვევს ომს რუსეთთან. ეს ძალა როცა იყო ხელისუფლებაში, თავიანთი უგუნური პოლიტიკით დაანგრიეს ქვეყანა, 20% ჩააბარეს. ერთ-ერთი წარმომადგენელი წეღან მეკითხებოდა, რა გეგმა გვაქვს ჩვენ ამ 20%-ის დაბრუნების. ახლა მე მინდა მათ ვკითხო, თქვენ რა გეგმა გქონდათ, როცა ამ პროვოკაციებს თავიდან ვერ იცილებდით კი არა, პირიქით, უფრო მეტს თვითონ აკეთებდით. მე მინდა უფრო მეტი ვთქვა, - ამ ადამიანების, სააკაშვილის პარტიამ, თვითონ სააკაშვილმა ჩააბარა 20% ჩვენი ტერიტორიების რუსეთს. კოდორი, ახალგორი, ასზე მეტი სოფელი. ვინმემ მოკითხა პასუხი ამ ადამიანებს, რომ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას. დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, რომ ჩვენ გვისვამენ კითხვას, რა გეგმა აქვს, თურმე, მთავრობას ამ ტერიტორიების დაბრუნების. ჩვენი გეგმა მე ახლა წარმოგიდგინეთ ძალიან მოკლედ, რამდენიმე სიტყვით. ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი, სტაბილური, კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ეს არის გზა, რომელიც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას გაერთიანებისკენ და არა თქვენი გზა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დანგრევას და ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაციას.

ჩვენ, მეგობრებო, ვდგავართ ძალიან სერიოზული, ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება ასე ითქვას. ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მე მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. თქვენ ყველამ რომ იცოდეთ, ეს კაცი 100 000 დოლარად არის გაყიდული. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები, არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. შენ ხარ სულგაყიდული, მოღალატე კაცი და შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა.

რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს, და მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს. 

ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე.