ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი დანიშნა.
მთავრობის მეთაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას.
გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობას დღემდე სერგო თურმანიძე ასრულებდა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. საბჭოს აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ასევე საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მონიტორინგი და ანალიზი; უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და მაღალი ხარისხის ანალიტიკური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელევანტურ უწყებებთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობა; საბჭოს სხდომებისა და შესაბამისი ოქმების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ცალკეულ მიმართულებებზე, კონკრეტული პროექტების კოორდინაცია.