ინტერპელაციის წესით მოსმენა პარლამენტში

მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო, მივესალმები ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოწვევისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.

მანამდე, მე მინდა შემდეგი განცხადება გავაკეთო:

ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ესაა ფარისევლობა, ესაა სიყალბე და ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ. ამას გარდა, თქვენ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით. ახლა გადავალ საკითხებზე. მე მინდა, ყველას გავაცნო გვარები და სახელები, თუ ვინ მომმართა კითხვებით. ეს იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე. ჩვენ ამ ადამიანებს რომ მოვუსმინოთ და მათი წერილის შინაარსს რომ გავეცნოთ, გვექნება განცდა, თითქოს ისინი მართლაც არიან დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამ დროს, მოდით, ახლა ყველამ ერთად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, თუ რა პოზიცია უკავიათ ამ ადამიანებს, არიან თუ არა ჩართულები და რამე წვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება. ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრებოდა, იგი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის სხდომებში. მანამდე მე მინდა გითხრათ ყველას, რომ ძალიან უცნაურია, მე მესმის, კი ბატონო, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მომმართოთ მე, მაგრამ მთელი პროცესი არის გადმოტანილი პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, და ეს მართლაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის ლიდერები, წევრები, გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის მეც, განვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია იმით, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში, - საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც, რა თქმა უნდა, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ახლა გავაგრძელებ, პაატა მანჯგალაძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა, თეონა აქუბარდია რამდენიმე სხდომას ესწრებოდა, მაგრამ სამუშაო ჯგუფის წევრი არ იყო, ხათუნა სამნიძე რამდენიმე სხდომას ესწრებოდა, ბატონი ტარიელ ნაკაიძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა, მაგრამ სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვებში იყო ჩართული, თამარ კორძაია სამუშაო ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და როსტომ ჩხეიძე არ ესწრებოდა, ნატო ჩხეიძე ესწრებოდა კომიტეტში არსებულ სამუშაო ჯგუფს. ამით რამ მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, რაც მე დასაწყისში ვთქვი, ესაა ნამდვილი ფარისევლობა. კითხვის მთავარი ავტორი, ბატონი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიცაა პოლარიზაცია. საპირისპიროდ, გამოვიდა, ყველამ მოისმინეთ როგორი რიტორიკით წარსდგა თქვენს წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე და შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას, პარლამენტს, დეპუტატებს, თავის კოლეგებს. მინდა გადავიდე შემდეგზე - კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორი არის ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება თორმეტივე რეკომენდაცია.

მინდა მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და, რეალურად, თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებითა და მმართველობის სტილით იყო აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, მას შემდეგ, რაც ეს სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა. მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ, ანუ ბატონი ვაშაძისა და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. რაც შეეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას. არავინ არ დაობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, 10 თავით უსწრებს უკრაინას, მოლდოვას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი არ შეცვლილა, გარდა ერთისა, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით. არ მინდა ციტირება მოვახდინო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ, ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, დაახლოებით იგივე დათქმებით, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. ანუ, მათ კი მიეცათ ავანსად ეს ერთგვარი წამახალისებელი სტატუსი, მაგრამ მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები. ჩვენს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამაზე ვერავინ იოცნებებდა, ვერ იოცნებებდნენ ბატონი გიორგი ვაშაძე და სხვები. ქვეყანას მიეცა ევროპული პერსპექტივა ცხადად, ნათლად, მკაფიოდ. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს ვიმეორებ, ბატონი შარლ მიშელის და სხვა ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერისა, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამით ეს პროცესი, რეალურად, ერთი ციკლი დაიხურა. ეს არის დამაგვირგვინებელი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის და, რაც მთავარია, ნაყოფიერი მუშაობის. მე მახსოვს, ათეულობით და ასეულობით კანონპროექტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი სამუშაო გასწია მთელმა საჯარო სექტორმა პარლამენტთან, თქვენთან ერთად. ასე, რომ მე ვფიქრობ, თუ ადამიანი არ არის მართლაც მტრულად განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ კითხვას არ უნდა სვამდეს. ყველასთვის ნათელია, თუ რა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამო არ მიეცა საქართველოს ავანსად სტატუსი. ახლა მთავარზე გადავალ. კითხვის ავტორები მე მომმართავენ და მეკითხებიან, თუ რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. მე ძალიან მოკლედ გითხარით და შევაჯამე, რომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა - ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“.

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს იყო შეთქმულება და ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის თანამონაწილეები ხართ თქვენ ყველანი. მე ახლა შეგახსენებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ასევე იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვიცოდით, მოგვცემდნენ თუ არა სტატუსს, რა უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ პატრიოტ მოქალაქეს და მით უმეტეს პოლიტიკოსს, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პოლიტიკოსი პოზიციაშია თუ ოპოზიციაში? თუ მას შეუძლია, რომ რაღაც წვლილი შეიტანოს ამ დიდ საერთო-ეროვნულ საქმეში, რა უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანს ან ამ ადამიანთა ჯგუფს? რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მთავრობასთან ერთად, რომ ეს სტატუსი მიგვეღო ჩვენც ავანსად, როგორც მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ. ახლა, როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს და მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, მათი დედა პარტიის - „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა და სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და, წარმოიდგინეთ, ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირი მიზეზი მიართვეს ლანგრით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს, იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო და გამოერჩიათ, გამოეყოთ ამ ჯგუფიდან. მით უმეტეს, რომელი ქვეყანა, რომელიც ათი თავით უსწრებს, გნებავთ უკრაინას და გნებავთ მოლდოვას. ამას რა ჰქვია, თუ არა ღალატი, ბატონო გიორგი, თუ არა საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ ბედავთ, საერთოდ, თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმისა და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა. კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. ამის შემდეგ, როგორ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის შეთქმულება, თქვენ ამას აგრძელებთ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას მოლოდინთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ასე ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად, იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. თქვენ რას აკეთებთ, თქვენ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო, ასე ვთქვათ, რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის. და თქვენ რას აკეთებთ, რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ეს ისედაც პოლარიზებული გარემო? - არაფერს, პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველდღე. სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული, ისე, როგორც აცხადებდით მანამდე ამ პროცესისადმი და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ეს არის რეალობა, მეგობრებო, თქვენ თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ამ ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მე მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი - მოახდინეთ დეპოლარიზაცია. ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვართ, რომ კიდევ გავაგრძელოთ, ჩვენ კარი არ დაგვიხურავს თქვენთვის, მზად არიან ჩვენი გუნდის წევრები და მეც პირადად ყოველთვის ვაცხადებ ამის მზადყოფნას, რომ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე. მთავარი მინდა გითხრათ, გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია, ევროკომისარი რომ იყო ჩამოსული, ბატონი ოლივერ ვარჰეი, ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით, გზავნილით ბრიუსელიდან. მე შევახსენებ ყველას, რომ ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი. იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, და ჩვენ ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმითა და გამოხატვით, და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა. ამაზე მეტი მტკიცებულება რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას?! არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ხართ ჩვეულებრივად დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი... საშინელებაა, და ამ დროს რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ, ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას. მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1 და 2 პროცენტს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?! გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორად, თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს?! თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს?! თქვენს მტრობას და ეროვნული ინტერესების ღალატს ვინ დაუჭერს მხარს?! ამაზე გაეცით პასუხი ხალხს. შემდეგი კითხვის ფორმულირება ასეთია, რომ მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ, რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა. მომდევნო კითხვა არის, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა გარკვეული განცხადებები გააკეთეს და მოხდა თუ არა ამ პოზიციებისგან გამიჯვნა და ა.შ. თქვენ ამის შესახებ მოგისმენიათ, და კითხვა მთავრდება შემდეგი წინადადებით: როგორია დღეს მთავრობის პოზიცია, და ვხედავთო, რომ ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციისა და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს. აი, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ და აგრძელებთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ესაა სწორედაც ფსიქოლოგიური ტერორისა და საინფორმაციო ომის კლასიკური ნიმუში, რასაც აკეთებენ სპეცსამსახურები და მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები, ესაა ჩვეულებრივი, კლასიკური საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, მაგრამ ვის წინააღმდეგ, - მტრების წინააღმდეგ კი არა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამას აკეთებთ თქვენ 10 წელია და მანამდეც, - გარდა იმისა, რომ ხალხს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურად აწამებდნენ და ტერორში ამყოფებდნენ, ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური ომიც, მათი ტელევიზიების საშუალებით.

ახლა რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, და მე ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, - ჩვენი უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა, დატოვეს მათ უმრავლესობა, უფრო სწორად ჩვენი პარტია. ეს მათი არჩევანია, ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით, თუ რა შინაარსის..., მე ამაზე ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ ჩვენი გზები, რომ იტყვიან, გაიყო, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში. რომ არ დარჩნენ უმრავლესობაში, „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ გვექნება პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები, - ძალიან მარტივი მიზეზია, რომ ავხსნა. ეს ერთი, და მეორე, - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მთავარი მონაპოვარი, შეიძლება ასე ითქვას, პირველი ოქტომბრის, არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების, სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება დავუბრუნეთ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, ყველას და, მით უმეტეს, დეპუტატებს. როგორ შეიძლება შეუზღუდოს ვინმემ ეს კონსტიტუციური უფლება, ეს მათი არჩევანია. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, არც ერთი სხვა მოძრაობის საქმეში არ ვერევით და, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვაცხადებ, და ყოველთვის მითქვამს ამის თაობაზე, - ჩვენი ვალდებულება და ჩემი პირადი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან, ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, ყველასთან, და არა მხოლოდ მათთან. რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ასე რომ, ჩემი პოზიცია არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი, აქ არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს, ჩვენ გვაქვს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, მიუღებელია, მე ამის თაობაზე ვთქვი კიდეც, მიუღებელია პირადად ჩემთვის, მე ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით, მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ ვართ ერთი უძველესი ერი, 3 000 წელზე მეტი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით, ენით, სარწმუნოებით, და ჩვენ გვჭირდება ძალიან პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. ესაა ჩემი პოზიცია. შეიძლება განსხვავებები მქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, სხვას უფრო მეტად, ასე ვთქვათ, სხვა აზრები ჰქონდეს, ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ, ნურავის განვიკითხავთ, გავკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი. ვისაუბროთ, კი ბატონო, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ესაა დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მრავალი წლის განმავლობაში, ერთგულად, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით დავუმტკიცეთ ჩვენს ევროპელ, დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ მიმღები ვართ მათი მხარდაჭერის, არამედ ვართ კონტრიბუტორებიც. ჩვენ მიერ შეტანილი წვლილი და გაღებული სისხლი ძალიან ღირებულია. 35-მა ჩვენმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ წარმოებულ ოპერაციებში, მისიებში - ერაყში, ავღანეთში. მანამდე ვიყავით კოსოვოში, შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მაშინ ეს მისია ევროკავშირის ეგიდით იყო გაგზავნილი და, პრაქტიკულად, დიდი პრობლემის წინაშე იყო. რომ არა ჩვენი ჩართულობა და ჩვენ მიერ გაგზავნილი ჯარის კონტრიბუცია, ეს მისია ვერ შედგებოდა. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ფასი აქვს და ეს ფასი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ქართველებს, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია რაღაც ვალდებულებით, ეს გავაკეთეთ პატივისცემით, იმ შეგნებით, რომ ჩვენც გვსურს, ვიყოთ თანამონაწილე ამ გლობალური პროცესების და საერთაშორისო მისიების. 500-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მძიმედ დაიჭრა, უმძიმესი ჭრილობები მიიღეს, დაკარგეს ფეხი, ხელი და უამრავი ტრავმა მიიღეს. საკუთარი ნებით გაწირეს ჯანმრთელობა. ამას სჭირდება გულწრფელი დაფასება და არა ის, აქ ყალბად რომ გამოვიდა ბატონი ვაშაძე და თითქოს ძალიან რომ შესტკივა გული. უკრაინაში, რა თქმა უნდა, გმირები არიან ისინი და მათაც შესწირეს თავი, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ სახელი და ნუ მოვატყუებთ ჩვენს ხალხს.

მესამე შეკითხვა შეეხებოდა რუსულ აგრესიას უკრაინაში. ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგორესურსებს იყენებს რუსეთი იმისათვის, რომ თავისი სამხედრო, პოლიტიკური და სხვა მიზნები განახორციელოსო, და რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო, ენერგოუსაფრთხოების კუთხით ნაკლებად დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა საქართველოზე როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზეო. ეს არის ამ ვაჟბატონებისა და ქალბატონების კითხვა. ახლა მთავარი მინდა შევახსენო ყველას, - ხომ ვერ გამახსენებდით, ძვირფასო ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო ვაშაძე, თქვენ იყავით მინისტრის მოადგილე, ადეიშვილის მოადგილე, და სხვებიც აქ, ვინც არიან, აგვისტოს ომის შემდეგ, ვინმეს თუ გახსენდებათ, რომ რაიმე სახის კამპანია აწარმოეს მათ სანქციების დაწესების მიზნით. ვინმეს გახსენდებათ? რა თქმა უნდა, არა. მსგავსი არ მომხდარა. ვინმეს თუ გახსენდებათ, რა რეზოლუციაზე მოაწერეს ხელი აი, ამ ადამიანებმა ომის შემდეგ?! ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო კაპიტულანტური, მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუცია და ტექსტი, რომელიც საჯარო დოკუმენტია. ვინმეს თუ გახსენდებათ, როგორ მოიქცა ყოფილი ხელისუფლება იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია, უბედურება, ომი დასრულდა, აგვისტოს ომი, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, ათასობით ადამიანი გადაადგილდა ქვეყნის შიგნით, მივიღეთ დამატებით დევნილები და ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. თან, ეგრეთ წოდებული მათი აღიარება. ამის შემდეგ, თუ გახსენდებათ, როგორ მოიქცნენ ეს ადამიანები, აგვისტოს ომის შემდეგ? მე შევახსენებ მათ. აქ რომ საუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე და გამოდიხართ რაღაც პატრიოტული, ვითომ, განცხადებებით, თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი სტრატეგიული ენერგოკომპანია, ობიექტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს. თუ გახსენდებათ, როგორი პოლიტიკა აწარმოეს ომის შემდეგ, - მე მახსოვს ძალიან კარგად, მათმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად, თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას. ომის შემდეგ ხდება ყველაფერი, მეგობრებო. არც სანქციებზე გიმუშავიათ, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაგიცავთ, ომის შემდეგ მაქვს საუბარი. ომამდე რა გააკეთეთ და როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე, ეგ ძალიან კარგად ვიცი. ომის შემდეგ, გელაპარაკებით იმაზე, რომ თქვენი ხელით გადაეცით ენერგეტიკული კომპანიები, სტრატეგიული ობიექტები, შემოიყვანეთ რუსული სახელმწიფო კომპანიები. ბატონი მერაბიშვილი, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის მეორე არაფორმალური მმართველი, ღიად ამბობდა ამ ტრიბუნიდან, რომ მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო. ცნობილი გამონათქვამია, გახსოვთ კარგად. ამის შემდეგ, ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან საერთოდ ან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ან ეროვნულ ინტერესებზე, ან სანქციებთან მიერთებაზე.

მე ამის თაობაზე ვრცელი მოხსენება გავაკეთე პარლამენტში და თქვენ წინაშე წარვდექი ზაფხულში, და გითხარით, რომ 400-ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით უკრაინის მხარდამჭერს. ყველა დონეზე, ყველა ფორმატში ჩვენ ვართ ან მხარდამჭერი, ან თანაორგანიზატორი და თანასპონსორი ამ რეზოლუციებისა და დოკუმენტების. როგორც შეგვეძლო, ყველა დონეზე მაქსიმუმი გავაკეთეთ და ჩვენმა ხალხმა გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც ხდება საშინელებაა, ტრაგედიაა. ამათ სტატუსზე კი არ უნდა იფიქრონ მხოლოდ, ამათ უნდა იფიქრონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ამათ ჩვენთან ერთად იმაზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ უნდა ავაცილოთ ქვეყანას მორიგი საფრთხეები, როგორ შევამციროთ მინიმუმამდე ეს საფრთხეები. როგორ იქცეოდნენ სანაცვლოდ? მანამდე რა რყევები გადაიტანა ქვეყანამ, კარგად იცით, როგორ მოღალატეობრივ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი, რომ რამენაირად დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხის ბედი, შეეფერხებინათ ეკონომიკური განვითარება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიყვანეს მათი ყოფილი ლიდერი, ერთადერთი განზრახვით და მიზნით, რომ აქ მომხდარიყო რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ჩაუვარდათ, ყველას ჩაუვარდება. ყველას გაეცემა უმკაცრესი პასუხი. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო. მეორე, ომი დაიწყო, ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი გამოწვევის პირობებში, ჩვენ არა ვართ არც ნატოს წევრი ქვეყანა, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 20% არის ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას აქ. გამოდიან ქუჩაში, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ, და რაზე, - მთხოვდნენ, რომ მიგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად. ნებართვა უნდა გაეცა სახელმწიფოს, მთავრობას. ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი და ქვეყანაში, როგორც მათმა კოლეგებმა და პარტნიორებმა უკრაინაში დააანონსეს, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

ახლა მთავარი მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. მათი იდეური პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, არაფერს ნიშნავს ჩემთვის და არც თქვენთვის. მაგრამ ვიცით მათი გაცხადებული მიზნები და ამოცანები. მათი ამოცანაა, მათ ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა, არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდაა. მათ მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. დავანებოთ თავი ყოველგვარ სპეკულაციებს და რაღაც პროგნოზებს. ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, კითხვა მინდა დავუსვა ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას? ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო აქ. ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს. ეს გააკეთეს მათ და ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. შემდეგ მათი ამოცანა იყო რევოლუციების მოწყობა.

კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე რა რეაქციაც იყო, ჩვენ კარგად ვნახეთ. მათი გათვლა იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა გარკვეული მღელვარება საზოგადოების და რევოლუცია, და მიზანი რა არის? რა თქმა უნდა, მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა მიზანი, რომ მათ პარტნიორებს უკრაინაში და ა.შ. შეუსრულონ დავალებები, დავალებები შეუსრულონ პირდაპირ. პირდაპირ თქვეს მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად, არაა ომის მთავრობა და, რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომიო. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ. ამის მერე რომ დახტიხართ, უკაცრავად, ახლა დადიხართ და რაღაც პერფორმანსებს დგამთ, რას ნიშნავს ეს უბრალოდ? რა ფარისევლობაა და რა სიყალბეა. თუ გინდათ თქვენ კანდიდატის სტატუსის მიღება, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად, თუ არადა, შეეშვით ამ სიყალბეს, ქვეყნის მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი.