მთავრობის სხდომა

ვახსენე ინფლაცია და მინდა ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული, ასე ვიტყოდი, მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი. და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80% არის ფასნამატი საბითუმო ფასებზე. ამას ემატება, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე საცალო ფასები. ფასნამატი მინიმუმ 25-30%-ია და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა.

„ჩვენი მხრივ, მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს, იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ, მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს, რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით, გვახსოვს ძალიან კარგად, მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით. მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ, მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ, რომ აქ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან. ამიტომ, საჭიროა მათთან საუბარი, ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასე გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა ქვეყანაში ნავთობის იმპორტიორების მხრიდან მაღალ ფასნამატზე: „ მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია. მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი.

„მეორე საკითხზე მინდა ასევე მოგახსენოთ. ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა. თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ უკვე ოფიციალურად დადასტურებულ საბოლოო სურათს. აქაც ჩვენი ჩარევის შედეგად დარეგულირდა, შემცირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემები მიდევს ახლა და აქაც ვხედავ, რომ არსებობს მაღალი მარჟები და მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც ასევე მიუღებელია. მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80, 90-თეთრიანი და თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ ჩვენს მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ და ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. წამლებზე გახსოვთ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო იმპორტიორების მხრიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, თურმე, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ამიტომ, მჯერა, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და დაიწყებენ ფასების შემცირებას. ეს არის ჩვენი მოლოდინი და დიდი იმედი. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩაერთვებიან ამ საკითხში აქტიურად, შექმნიან სამუშაო ჯგუფს. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს. ადრე იყო ბევრი საუბარი, რომ ლარის კურსი იყო ძალიან მაღალი - 3,3-ზე, 3,4-ზე და ამიტომ ვერ ახერხებდნენ ფასების დაწევას. ჩვენი მუშაობის შედეგად ეროვნული ვალუტა არის დასტაბილურებული - 2,60,ზე, 2,65-ზე არის ჩამოსული თითქმის და ამ ადამიანებმა ფასები იგივე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია, მარტივად და კორექტულად რომ ვთქვათ. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება აქტიური მუშაობა და დარეგულირება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე წარმოადგენთ თქვენს ხედვას და გამოსავალს“, - განაცხადა პრემიერმა.