პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“

დიდი მადლობა ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. თქვენ ბრძანეთ უკრაინაში მიმდინარე ომი. ეს კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და, მე მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დიდ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს ინფრასტრუქტურაში.

„ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომლებიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა, - შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები. ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი, გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით, და რატომ ვაკეთებთ ამას. მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი აქვს, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 200 ათასი ბათუმში. ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,”- აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელს, როგორც ამბიციურ პროექტს და აღნიშნა, რომ ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა.

„მესამე ინიციატივაც მინდა ვახსენო აქ. აზერბაიჯანთან ერთად ვავითარებთ სხვადასხვა ინიციატივას. მაგალითად, მინდა ვახსენო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. ესეც ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად, ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პრინციპში, ბუქარესტში ვიყავით დეკემბერში და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის 15 დღეში,  მაქსიმუმ 20 დღეში,  45 დღე თუ სჭირდება ზღვით. ამიტომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია და ყველა ეს ქვეყანა ნამდვილად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას. ორი თვის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ მოვხსნათ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, - ამ მიმართულებით აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავრობის მეთაურმა, ისევე როგორც სხვა მონაწილეებმა, პანელურ დისკუსიაზე მოდერატორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორის მირეკ დუშეკის კითხვებს უპასუხა.

პრემიერის თქმით, საქართველო ამ ეტაპზე ახორციელებს რკინიგზის მოდერნიზაციას. ამას გარდა, მიმდინარეობს მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე.

„ჩვენ გვაქვს გზატკეცილები და რკინიგზა. ამ ეტაპზე რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ, რაც 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ამის გარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს  სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტებია. 

აქვე მინდა ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება,“-აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი აქვს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ათეულშია.

„საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი აქვს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ათეულში ვართ. პირველ ოცეულშიც ვართ ეკონომიკური თავისუფლებისა და ბევრი სხვა რეიტინგის თუ ინდექსების კონტექსტში. ამიტომ, პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს ქვეყანაში. აქვე მინდა ვახსენო, რომ ჩვენც გვაქვს თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონები, ოთხია ასეთი საქართველოში. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები საქართველოში, აზერბაიჯანში.  ყოველივე ამის დაკავშირება გვსურს განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდრეოენერგორესურსებით. ამჟამად შესაძლებლობათა მხოლოდ 27 პროცენტს ვიყენებთ. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში - წყლის, მზის, ქარის ენერგიაში და ა.შ. 

გვინდა გამოვიყენოთ  ეს იაფი ენერგია და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, და ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას, ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი. მმართველობის საკითხთან დაკავშირებით, ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ძალიან სწორად ბრძანა, რომ გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, როგორ მოვხსნათ ბარიერები, და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე. ჩვენი გეგმაა, რომ საწყისი საგზაო რუკა, რომელზეც შევთანხმდით 2027 წლამდე, ამ პერიოდში უნდა მოვამზადოთ ეს საკითხი ამ დერეფნისთვის,“- განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. 

„რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიატორი. რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, არის ნამდვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ, რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. 

ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე, - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ერთი საზოგადოდ ცნობილი ტერმინი - "ენდე, მაგრამ გადაამოწმე". დავოსში მოვისმინე საინტერესო ფორმულა - "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, ასე რომ, მე მჯერა თანამშრომლობის,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.